მედია – "МОСКВА"–ს ეკიპაჟის ოჯახებს სთხოვენ დაადასტურონ, რომ მათი შვილები "კატასტროფამ" იმსხვერპლა
24/05/2022 18:01:44 მსოფლიო
უკრაინის მიერ ჩაძირულ კრეისერ "МОСКВА"–ზე გარდაცვლილი წვევამდელების დედები ამბობენ, რომ რუსეთი მათგან ითხოვს, ხელი მოაწერონ ცნობას, რომლის მიხედვითაც მათი შვილები „კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ", - იუწყება "მედუზა".
წვევამდელი მეზღვაურის დედა ყვება, რომ დიდხანს წარუმატებლად ცდილობდა გაეგო, რა დაემართა მის შვილს და ეძებდა მას სამხედრო ჰოსპიტლებში. მისი თქმით, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მეშვეობით, მიიღო შეტყობინება შემდეგი ტექსტით: „სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ თქვენი შვილი კატასტროფის დროს დაიკარგა“.
როგორც გარდაცვლილი მეზღვაურის დედა ამბობს, ცნობას მოჰყვა უკვე მისი სახელით დაწერილი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი აღიარებს, რომ მისი შვილის ცხედარი „ვერ იპოვეს მომხდარი კატასტროფის გამო“.
"მირეკავენ და მეუბნებიან, რომ „სამმა ოჯახმა უკვე მოაწერა ხელი განცხადებას, მოდი და დაწერე, რომ სასწრაფოდ გადავცეთ სასამართლოს, რომ დიდხანს არ გავაჭიანუროთ". არც კი მკითხეს, მზად ვიყავი თუ არა ხელი მოვაწერო ისეთ განცხადებას, რომ ნებაყოფლობით ვაღიარო ჩემი შვილი გარდაცვლილად...",- ამბობს ერთ-ერთი დაკარგული მეზღვაურის დედა.
სხვა მშობლები ამბობენ, რომ მათი ვაჟები „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებად იყვნენ დარეგისტრირებული“ და ისინი იღებენ ანაზღაურებას საომარი მოქმედებებში მონაწილეობისთვის.
ცნობისთვის: უკრაინული მხარის ცნობით, 13 აპრილს "МОСКВА"–ს, რომელიც შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო, უკრაინული წარმოების „ნეპტუნის“ რაკეტები მოარტყეს, რის გამოც ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, საბოლოოდ კი ჩაიძირა.


