ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 500 მლნ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
24/05/2022 13:32:47 მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 500 მლნ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება მოხმარდება ქვეყნისთვის მძიმე შეიარაღების შეძენას, როგორიცაა ტანკები და არტილერია.
"დღეს უკრაინის ბრძოლის ველზე ხვალინდელი ისტორია იწერება. ამ 500 მილიონი ევროს ჩათვლით ევროკავშირმა ჯამში, 2 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სამხედრო ტექნიკის მიწოდების მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა - ევროპული ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილია, დაეხმაროს უკრაინას თავდაცვაში. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან, გააგრძელონ დახმარება. ჩვენ ვაკეთებდით ამას ომის დაწყებიდან და გავაგრძელებთ ბოლომდე“, - ამბობს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


