"აზოვსტალში" 4 რუსი სამხედრო ნაღმზე აფეთქდა
24/05/2022 09:04:23 მსოფლიო
მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ტერიტორიაზე ნაღმზე 4 რუსი სამხედრო აფეთქდა – იუწყება უკრაინული მედია მარიუპოლის მერის მრჩეველზე დაყრდნობით.
"აზოვსტალის განაღმვისას ოთხი რუსი გამნახმველი აფეთქდა. ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ორი საშუალო სიმძიმის, ერთი კი მსუბუქად დაშავდა",– ნათქვამია შეტყობინებაში.
"აზოვსტალის" ქარხნიდან სამხედროების ევაკუაციის შემდეგ ქარხნის ტერიტორია რუსების კონტროლქვეშ მოექცა.
უკრაინული მხარის მონაცემებით, ოკუპანტების 3 თვიან ინტენსიურ დაბომბვებს მარიუპოლში 20 ათასზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები და ქალები ემსხვერპლნენ.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


