თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების თაობაზე საკუთარი მოთხოვნების სია გამოაქვეყნა
24/05/2022 07:41:19 მსოფლიო
თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის ნატო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები გამოაქვეყნა.
მთავრობის პრეს–სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის პირველი პუნქტი ეხება შვედეთისგან „კონკრეტული გარანტიების“ გაცემას რიგ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომელთაც თურქეთი ტერორისტულად მიიჩნევს. საუბარია ფეთიულაჰ გიულენთან და ქურთებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებზე. ანკარა მათდამი პოლიტიკური მხარდაჭერისა და დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვს.
თურქეთი აცხადებს, რომ შვედეთი მხარს უჭერს ქურთებს იარაღით, მათ შორის თვითმფრინავებითა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით.
ანკარა ასევე მოითხოვს შვედეთისგან ემბარგოს და სანქციების მოხსნას, რომელიც დაწესდა საპასუხოდ "თურქეთის ლეგიტიმური ქმედებებისა ხმელთაშუა ზღვაში მისი საერთაშორისო უფლებების და სირიის საზღვრის დაცვისას".
თურქეთის მოთხოვნის ბოლო პუნქტია „გლობალური თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში“.
„ჩვენ ვრჩებით ნატოს ღია კარის მომხრეებად, მაგრამ გვჯერა, რომ ალიანსი და კანდიდატი ქვეყნები ერთად უნდა მუშაობდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც ამას აკეთებენ სხვა სფეროებში. შვედეთისგან, რომელმაც ნატო–ში წევრობაზე განაცხადი წარადგინა, პრინციპულ ნაბიჯებს ველით უსაფრთხოების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც თურქეთს აშფოთებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთი გახდა ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას. ექსპერტები აღნიშნულ ნაბიჯს დასავლეთთან ვაჭრობის მცდელობად განიხილავენ.
იხილეთ ასევე: ვეტო ერდოღანის ხელში და საქართველოს შანსი, თურქეთის ერთ–ერთ პირობად იქცეს


