
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
24/05/2022 06:46:09 ევროპა
მოლდოვას ანტიკორუფციული პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის სახლში ჩხრეკას აწარმოებენ. ის უკანონოდ გამდიდრებასა და სამშობლოს ღალატშია ეჭვმიტანილი,– ამის შესახებ Newsmaker-ს ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.
18 მაისს მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას მოლდოველი ოლიგარქისგან ვლადიმერ პლახატნიუკისგან ქრთამის აღებას ედავებიან.
2020 წელს ყოფილმა მდეპუტატმა იური რენიტამ გამოაქვეყნა ფარული კამერით გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანან იმჟამინდელი პრეზიდენტი, რომელიც ხვდება „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს ვლადიმერ პლახატნიუკს და მის მოადგილეს. ვიდეოში ოლიგარქი შავი პაკეტის გადაცემას ცდილობდა. დოდონი პაკეტს არ შეხებია, მაგრამ თქვა "ისევ ჩანთით ხარ" და სთხოვა, გადაეცა ვინმე "კოსტიასთვის".
ვიდეოს მიხედვით, დოდონი და ოლიგარქი ასევე განიხილავენ პარლამენტში კოალიციის შექმნას, რომელსაც ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა.
ტვ 8-ის ცნობით, დოდონმა განაცხადა, რომ ის „მუდმივად წერს შენიშვნებს პუტინს“.
ვიდეოს გამოჩენის შემდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დანაშაული თავდაპირველად არ გამოავლინა და სასამართლომ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა. გასულ კვირას კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ პირველი ისტანციის გადაწყვეტილება გააუქმა. დოდონი ყველა ბრალდებას უარყოფს.
მოლდოვაში ოლიგარქთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ მსხვილ ფინანსურ თაღლითობაში მონაწილეობისთვის. რუსეთში ის ჩართულია რამდენიმე კრიმინალურ საქმეში. მოსკოვმა ის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა.