"უკრაინის კრიზისი გლობალური საკითხია"
24/05/2022 06:35:03 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კრიზისი გლობალური საკითხია. ამის შესახებ მან ტოკიოში The Quad-ს შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი მონაწილეობდნენ.
"უკრაინა მეტია, ვიდრე უბრალოდ ევროპული საკითხი, ეს გლობალური საკითხია", - თქვა ბაიდენმა.
მისი თქმით, ვაშინგტონი თავის ახლო პარტნიორებთან ერთად ხელს შეუწყობს თავისუფალ და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს.
"რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ ზრდის ამ მიზნების - საერთაშორისო წესრიგის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას", - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


