საქართველო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში რუსული მედიის მიმართ "მტრულად განწყობილ" ქვეყნებს შორის დაასახელეს
23/05/2022 20:01:45 პოლიტიკა, მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპეციალური კომისიის ხელმძღვანელმა ვასილი პისკარევმა დაასახელა ის ქვეყნები, რომლებიც რუსული მედიის მიმართ "დისკრიმინაციული ქმედებებით" გამოირჩევიან, მათ შორის არის საქართველოც.
რუსეთის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების მიერ ჩარევის გამოძიების სახელმწიფო სათათბიროს კომისიის ხელმძღვანელი პისკარევი ამბობს, რომ ბოლო 5 წლის ანალიზმა აჩვენა, რომ ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიეტუვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი და რუმინეთი რუსული მედიის მიმართ "ყველაზე აგრესიულად იქცევიან".
"რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ სარკისებური ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ჟურნალისტების მიმართ მტრულ ქმედებებზე".- ამბობს დეპუტატი.
მისი თქმით, რამდენიმე წელია, დასავლეთი აწარმოებს მასიურ კამპანიას რუსული მედიის დისკრედიტაციისა და მათი მუშაობისთვის გაუსაძლისი პირობების შესაქმნელად:
"საუბარია, როგორც ოფიციალურ ღონისძიებებზე აკრედიტაციაზე უარის თქმაზე და საბანკო სერვისებზე დაბრკოლებების შექმნასა და მაუწყებლობის შეწყვეტაზე, ასევე საზღვარზე დაკავებებზე და თუნდაც ჟურნალისტების დაკავებაზე და სისხლისსამართლებრივ დევნაზე მათი პროფესიული საქმიანობისთვის და კუთვნილების გამო".


