
„იდენტიფიცირებულია რუსი მეთაური, რომლის გამოც ხარკოვში ბავშვი დაიღუპა" – უკრაინის გენპროკურორი
23/05/2022 18:31:08 ევროპა
იდენტიფიცირებულია რუსი სამხედრო მეთაური, რომელმაც გასცა ხარკოვის ოლქში დაბომბვის შესახებ ბრძანება, რის შედეგადაც ბავშვი დაიღუპა,– იუწყება უკრაინის გენპროკურორი ირინა ვენედიქტოვა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთ სამხედრო ოლქის მე-6 გაერთიანებული არმიის 138-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური სერგეი მაქსიმოვი ეჭვმიტანილია ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას.
„გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 26 მარტს ამ რუსმა მეთაურმა თავის ქვეშევრდომებს მძიმე საცეცხლე სისტემის "TOS-1 ბურატინოს“ გამოყენება უბრძანა სოფელ მალაია როგანსა და ოლხოვკაში. ცეცხლგამჩენი ჭურვები სახლებს ეცემოდა. მან დანამდვილებით იცოდა, რომ იქ სამხედრო დანადგარები არ იყო. ასევე, ასეთი იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის კონცენტრაციის ადგილებში აკრძალულია საერთაშორისო კანონმდებლობით.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, მალოროგანის ლიცეუმი და რძის ქარხანა. დაბომბვის შედეგად 13 წლის გოგონამ დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა“,– ამბობს გენპროკურორი.
ვენედიქტოვას თქმით, პოლკოვნიკი მაქსიმოვი დაიბადა უჟგოროდში, ტრანსკარპატებში.
ხარკოვის რაიონში ის მეთაურობდა საარტილერიო და სარაკეტო დივიზიებს.