
უკრაინის ომბუდსმენი შემზარავი დანაშაულების შესახებ საუბრობს
23/05/2022 15:49:20 ევროპა
უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას რუსების მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე ისაუბრა.
დენისოვას თქმით, ოკუპანტები 2-3 წლის ბავშვებსაც აუპატიურებდნენ.
"მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გავუსვი იმას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე მეტად მშვიდობიან მოქალაქეებს აზიანებს. ყოველდღიურად 700-800 ჩვენი თანამოქალაქე რეკავს ცხელ ხაზზე იმისთვის, რათა რუსების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე შეგვატყობინოს. 1500-მა უკრაინელმა გამბედაობა იპოვა, რომ ფსიქოლოგიური დახმარებისთვის მიემართა და ყველაზე საშინელი დანაშაულების - სექსუალური ხასიათის წამების შესახებ მოეყოლა. რაშისტი სამხედროების გაუპატიურების შედეგად ტანჯვით დაღუპული 2 და 3 წლის ბავშვების დედებისგან მივიღე მითითება, რომ ამ საშინელების შესახებ მთელი მსოფლიოსთვის მეცნობებინა. მასობრივი სექსუალური დანაშაულები რუსების ომის ტაქტიკაა, რომ უკრაინელი ხალხი გაანადგურონ. ეს არის იარაღი იმისთვის, რომ უკრაინული სული გატეხონ, თუმცა ეს არ მოხდება. ჩვენ ყველას მშვიდობა გვსურს, მაგრამ არა ჩვენი ქალების, გოგონებისა და ბიჭების სიცოცხლის ფასად. მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვებით და ეს აუცილებლად ასე იქნება. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!". - წერს უკრაინის სახალხო დამცველი.
ომბუდსმენის თქმით, ამ ტაქტიკას იყენებენ სისტემატურად, ყველგან და წარმოუდგენელი სისასტიკით:
"რაშისტებმა 2 გოგო - 12 და 15 წლის, გააუპატიურეს. 6 თვის ბავშვი, რუსებმა ჩაის კოვზით გააუპატიურეს. ტყუპი ძმები - 2 წლის, დედასთან ერთად იმყოფებოდნენ სახლში, სადაც 5 რაშისტი შეიჭრა, ერთი დედას აკავებდა, დანარჩენები მცირეწლოვნებს აუპატიურებდნენ. ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ მიღებული დაზიანებების და სისხლდენის გამო. 3 წლის ბიჭი დედის თვალწინ ორმა რაშისტმა გააუპატიურა, ის მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. სექსუალური ძალადობა ჟენევის კონვენციის 27 მუხლის დარღვევაა. გაუპატიურება, როგორც სამხედრო დანაშაული არის მძიმე დანაშაული და გენოციდის ერთ-ერთი შემადგენელი. მოვუწოდებ გაეროს, მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება, რათა ყველა დამნაშავე პირი იყოს დასჯილი".