
ბალტიის ქვეყნები და სლოვაკეთი EU-ს რუსული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების წინადადებით მიმართავენ
23/05/2022 15:40:01 ევროპა
ლიეტუვა, სლოვაკეთი, ლატვია და ესტონეთი ერთობლივ წერილში უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას მოითხოვენ,– იუწყება Reuters.
წერილში, რომელსაც ქვეყნები ხვალ ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებს წარუდგენენ, ნათქვამია:
"უკრაინის აღდგენის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი, რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლთა კომპენსაციის ჩათვლით, რუსეთმა უნდა დაფაროს". - ნათქვამია წერილში.
როგორც Reuters წერს, წერილში ქვეყნები ევროკავშირს სანქციების ახალი პაკეტის მომზადებისკენ მოუწოდებენ და დასძენენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობები უნდა შეჩერდეს, რათა ევროპის ქვეყნებმა რუსული ომის მანქანის დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიიღონ.
გასულ კვირას ევროკომისიამ განაცხადა, რომ შეამოწმებს იმას, თუ რამდენად ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობა რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევასა და მათი უკრაინის დასაფინანსებლად გამოყენებას, ვინაიდან აქტივების კონფისკაციის საკითხი სამართლებრივად რთულია.
ოთხი ქვეყანა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი აქტივების ჩამორთმევის ლეგალურ გზას ვერ იპოვის, ბლოკს მათი ბერკეტად გამოყენება შეეძლება - მოსკოვს აქტივებზე წვდომა აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინას მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებს.