ღარიბაშვილი: "საქართველოში არსებული ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის"
23/05/2022 15:25:02 ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტს აკიჰიკო ტანაკას შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის პარტნიორული ურთიერთობის მაღალი დონე აღინიშნა და ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ თანამშრომლობას.
"გამოითქვა არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აკიჰიკო ტანაკას იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურული პროექტების, მდგრადი ეკონომიკური ზრდის და საზოგადოების სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
იაპონია საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით ტექნიკური თანამშრომლობის, კაპიტალის გრანტებისა და სესხების უზრუნველყოფის პროგრამებს ახორციელებს. JICA-ს ძლიერი გლობალური ქსელი მოიცავს ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ლათინური ამერიკის მიმართულებებს"– ვკითხულობთ რელიზში.
მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტ აკიჰიკო ტანაკასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის.
„არსებული პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტ აკიჰიკო ტანაკასთან. მადლობას ვუხდი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოში განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის. საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.


