ზელენსკის მთავარი გზავნილები დავოსის ეკონომიკური ფორუმზე
23/05/2022 12:17:08 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნისას სიტყვით გამოვიდა და რამდენიმე მთავრი გზავნილი გააჟღერა.
მან ბიზნეს ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისენ მოუწოდა.
ზელენსკის მთავარი გზავნილები შემდეგი იყო:
უფრო მკაცრი სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ
- "არ ვთვლი, რომ მაქსიმალური ზომები უკვე მიღებულია. მსურს, ვიხილო სრული ემბარგო რუსულ ნავთობზე, ყველა რუსული ბანკის წვდომის აკრძალვა გლობალურ სისტემებზე და ყოველგვარი ვაჭრობის გაუქმება რუსეთთან", – განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის
- "უკრაინას სჭირდება ყველა იარაღი, რასაც ჩვენ ვითხოვთ და არა მხოლოდ ის, რაც უკვე მოწოდებულია. თებერვალში სრულად რომ მიგვეღო ჩვენთვის საჭირო შეიარაღება, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ "სასტიკმა ძალამ" არ მართოს მსოფლიო
- "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გადაწყვიტოთ, რომ "სასტიკმა ძალამ" არ მართოს მსოფლიო", – მიმართა ფორუმის მონაწილეებს ზელენსკიმ.
რუსეთში ბიზნესის დატოვება და უკრაინაში ინვესტიციების განხორციელება
- "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთშია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ფუნქციონირება რუსეთში და ინვესტიციები უკრაინაში განახორციელონ", – განაცხადა ზელენკიმ.


