"უკრაინა რუსეთისთვის არც ერთი ტერიტორიის დათმობას არ დათანხმდება"
23/05/2022 08:56:55 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, კიევი მოსკოვისთვის არც ერთი ტერიტორიის დათმობას არ დათანხმდება.
"ომი არ შეჩერდება [არანაირი დათმობის შედეგად]. ის უბრალოდ ცოტა ხნით შეჩერდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსი სამხედროები გაზრდიან თავიანთ შეიარაღებას, ცოცხალ ძალას, გამოასწორებენ შეცდომებს, განახორციელებენ მცირე მოდერნიზაციას, მოხსნიან ბევრ გენერალს... და დაიწყებენ ახალ იერიშს, კიდევ უფრო სისხლიანს და მასშტაბურს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.
ამასთან, პოდოლიაკმა უარყო მოწოდებები ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის შესახებ, რომელიც რუსული ძალების დარჩენას ითვალისწინებს მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის სამxრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში.
"რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ ქვეყანა და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სამშვიდობო პროცესის განახლება".
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


