
კორძაია აშშ-ის "ემორის" კლინიკას მიმართავს, სააკაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტაროს
23/05/2022 08:49:49 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების "ემორის" საუნივერსიტეტო კლინიკას ოფიციალურად მიმართავს, რათა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კომპლექსური ექსპერტიზა ჩაატარონ.
" მე დღეს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, პირადად ვაგზავნი თხოვნას ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომ მათ გამოხატონ მზაობა კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით", – განაცხადა თამარ კორძაიამ.
მისი თქმით, მან წინა კვირას მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს თხოვნით, რომ მოეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ემორის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზა, მაგრამ მინისტრისგან მან "აგდებული" პასუხი მიიღო:
" ასევე ბატონი რატი ბრეგაძე დაინტერესდა თუ რა სამედიცინო განათლება მაქვს. აქვე ვპასუხობ, ის რაც მას აქვს. მაგრამ როგორც იურისტი, მე მას მივმართავ დღეს, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც პროცესის მონაწილე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ექსპერტიზა და ეს სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს".