Accentnews.ge
Der Spiegel: "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის, სულ მცირე, ორი ნეონაცისტური დაჯგუფებაც იბრძვის"

Der Spiegel: "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის, სულ მცირე, ორი ნეონაცისტური დაჯგუფებაც იბრძვის"

23/05/2022 08:24:16 მსოფლიო

უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართულია რუსი ულტრამემარჯვენეების და ნეონაცისტების, სულ მცირე, ორი დაჯგუგება, – იუწყება Der Spiegel გერმანიის დაზვერვის სამსახურის კონფიდენციალურ მოხსენებაზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტში დასახელებულია ორი ასეთი ჯგუფი - „რუსეთის იმპერიული მოძრაობის“ გასამხედროებული ქვედანაყოფი „იმპერიის ლეგიონი“ და დაჯგუფება „რუსიჩი“. რამდენი პირი იბრძვის ამ დაჯგუფებებიდან უკრაინის არმიის წინააღმდეგ, მითითებული არ არის.

„იმპერიის ლეგიონი“ უკრაინის დონბასის მხარეში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა 2014-2015 წლებშიც. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსული არმიის შეჭრიდან მეორე დღეს, ლეგიონის მეთაურმა დენის გარიევმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ მხარს უჭერენ „სეპარატისტული წარმონაქმნის - უკრაინის ლიკვიდაციას“. მოგვიანებით, 2022 წლის 17 მაისს, „რუსეთის იმპერიული მოძრაობის“ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა შეტყობინება, რომ უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან დაიღუპა „ლეგიონის“ მეთაურის მოადგილე დენის ნეკრასოვი. „რუსეთის იმპერიული მოძრაობა“ აშშ-ს და კანადას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.

რაც შეეხება „რუსიჩის“ წევრებს, ისინი საკუთარ თავს მოხალისეებს უწოდებენ. გერმანული გამოცემის თანახმად, "2014-2015 წლებში ეს ნეონაცისტური დაჯგუფებაც აქტიურად იყო ჩართული დონბასში უკრაინის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში და მისი წევრები განსაკუთრებული სისასტიკით იყვნენ ცნობილი. უკრაინის წინააღმდეგ დღევანდელ ფართომასშტაბიან ომში „რუსიჩი“ აპრილიდან ჩაერთო".

გერმანიის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, "მემარჯვენე ექსტრემისტების და ნეონაცისტების დაჯგუფებებთან რუსეთის სამხედრო ძალების თანამშრომლობა აჩვენებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების საბაბად გამოცხადებული „დენაციფიკაციის“ აბსურდულობას".

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S