
მედვედჩუკმა პოროშენკოს წინააღმდეგ მისცა ჩვენება - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური
23/05/2022 08:34:13 ევროპა, მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინელმა ოლიგარქმა, დეპუტატმა, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა ვიქტორ მედვედჩუკმა, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფოს ღალატსა და ტერორიზმში დახმარებაში, ისაუბრა ისაუბრა ნავთობპროდუქტების მაგისტრალური მილსადენის "სამარა - დასავლეთი მიმართულების" ნაწილის სახელმწიფო საკუთრებიდან გამოსვლის სქემაზე.
გამოქვეყნებულ ჩვენებაში მედვედჩუკი დეტალურად აღწერს მასში უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს როლს. კერძოდ, მისი თქმით, პორშენკომ არა მხოლოდ მიმართა მედვედჩუკს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირების თხოვნით, არამედ უზრუნველყო, რომ უკრაინის ყველა ინსტანციაში მიღებულიყო შესაბამისი გადაწყვეტილებები.
დაკავებული ირწმუნება, რომ მილსადენის საკითხებს ექსპრეზიდენტის თხოვნით განიხილავდა და ექსპლუატაციის ერთი წლის განმავლობაში მილსადენმა მფლობელებისთვის ორჯერ მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე მის შესყიდვაში იყო ჩადებული - 42 მილიონ აშშ დოლარამდე. ხოლო 2019 წლის მაისიდან, ანუ პოროშენკოს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მაგისტრალზე დიზელის გადატუმბვა შეჩერდა.
გარდა ამისა, მედვედჩუკმა ისაუბრა 2014-2015 წლებში უკრაინის ენერგეტიკული სექტორის საჭიროებებისთვის ქვანახშირის შესყიდვის მექანიზმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სეპარატისტებთან დაარსების დეტალებზე.
„ამაში ჩართული იყო სახელმწიფო აპარატის ფაქტობრივად, მთელი ზედა ნაწილი – დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული მინისტრებით, სამართალდამცავებით და ვინც უშუალოდ ახორციელებდა ამ სქემას“, - განმარტა დაკავებულმა.
უსაფრთხოებოს სამსახურში აცხადებენ, რომ მედვედჩუკმა დაასახელა სქემაში ჩართული მაღალჩინოსნები.
პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ მედვედჩუკს ახლო ურთიერთობები აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან: პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა. იგი უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ომის დაწყების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნიდან გაიქცა მისი ცოლი.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობდა, მედვედჩუკი ჯერ დნესტრისპირეთში გადაეყვანა, შემდეგ კი - მოსკოვში. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაქცეული დეპუტატი გზაში, კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა.