უკრაინის არმია: "რუსეთმა დონბასში, ბოლო ერთ დღეში 45 დასახლებული პუნქტი დაბომბა, რასაც 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა"
23/05/2022 05:42:09 მსოფლიო
უკრაინის არმიის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა დონბასში, ბოლო ერთ დღეში 45 დასახლებული პუნქტი დაბომბა, რასაც 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.
„ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 45 დასახლება დაბომბეს, გაანადგურეს და დააზიანეს 116 სამოქალაქო ობიექტი: 106 სახლი, სამშენებლო ლიცეუმის საერთო საცხოვრებელი, ორი საწარმოს შენობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მაღაზია და ა.შ. სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა", - ნათქვამია უკრაინის არმიის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისი ცნობით, უკრაინის არმიის ნაწილებმა დონბასში ბოლო ერთ დღეში რუსეთის 11 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს მოწინააღმდეგის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და „სუ 25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


