ბრიტანული დაზვერვა – 3 თვეში უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა იმდენივეა, რაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 9–წლიანი ომის დროს დაკარგა
23/05/2022 05:31:29 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, უკრაიანში შეჭრის შედეგად 3 თვეში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა იმდენივეა, რაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 9–წლიანი ომის დროს დაკარგა.
აღნიშნულის მიზეზად ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური, მათ შორის "დაბალი დონის ტაქტიკას, მოქნილობის ნაკლებობას" ასახელებს.
მისივე მონაცემებით, დონბასზე შეტევის შედეგად რუსულ ძალებში მსხვერპლი კვლავ იზრდება.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


