
"მსგავსი ამერიკელებსაც კი არ გაუბედავთ" – ბილეცკი მფრინავთა გმირობაზე საუბრობს
22/05/2022 20:31:24 ევროპა
პოლკ „აზოვის“ დამფუძნებელმა და პირველმა მეთაურმა ანდრეი ბილეცკიმ „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში იმ მფრინავთა გმირობაზე ისაუბრა, რომლებმაც რამდენჯერმე მიაწოდეს დახმარება (მათ შორის, იარაღი, მედიკამენტები) რუსეთის მიერ ბლოკირებული მარიუპოლის დამცველებს.
მისი თქმით, აზოვსტალის დამცველებისთვის დახმარების გადაცემის 5-ზე მეტი მცდელობა იყო და ბოლო ორის გარდა, ყველა წარმატებით დასრულდა.
ანდრეი ბილეცკიმ მარიუპოლის ბლოკადის გმირული საჰაერო გარღვევის რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა:
”თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ საბოლოოდ გასაგებია, რომ მტერიც ვითარდება, უყურებს, მასაც ესმის, რომ ვერტმფრენები იჭრებიან მარიუპოლში. ამ მცდელობებში პირველ რიგში უნდა გამოვყოთ უკრაინელი პილოტების გმირობა და მაქსიმალური პროფესიონალიზმი. არც ერთ "Black Hawk Down"-ში (ბრიტანულ-ამერიკული ისტორიული სამხედრო დრამა) ამერიკელებსაც კი არ გაუბედავთ ღრმადეშელონირებულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა და ავიაგამანადგურებლების სისტემატური პატრულირების პირობებში ასობით კილომეტრის სიღრმეში შეჭრა. ასეთი ოპერაციები კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა“.
ბილეცკის თქმით, სპეცოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ეგიდით. მისი როლი კი დესანტის ორგანიზება იყო. პოლკის პირველი მეთაურის თქმით, "აზოვის" 72 მებრძოლი ვერტმფრენებით გადაისროლეს ქალაქის თავდაცვის გასაძლიერებლად.
ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვერტმფრენით გადასვეს მარიუპოლში, იყო აზოვის "კელტი", რომელიც, სამწუხაროდ, მეორე დღეს დაიღუპა:
„სხვათა შორის, დაიღუპა ისე, როგორც თვითონ უნდოდა. ბევრი მეგობრისთვის ჰქონდა ნათქვამი: "მინდა სახლში მოვკვდე" და დაიღუპა მეზობელ ქუჩაზე, იმ სახლთან ახლოს, სადაც დაიბადა და გაიზარდა. დეცა პირდაპირ თავისი მცირე სამშობლობს გულში“.
"აზოვის" დამფუძნებელმა ხაზგასმით აღნიშნა ექიმების ღვაწლი:
"ბოლო რეისზე ვერტმფრენით მგზავრობაზე დათანხმდნენ ექიმებიც. ეს იყო მედდა, ანესთეზიოლოგი და ორი ქირურგი - სულ სამედიცინო პერსონალის მხოლოდ 5 წარმომადგენელი, სამოქალაქო პირები. ქალაქ დნიპროს მკვიდრი ხალხი. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან შესაძლებელი იქნება ამ ადამიანების სახელების გამჟღავნებაც. ჩემთვის ისინი ნამდვილი გმირები არიან“.
ბილეცკის თქმით, ფრენა ყველას უჭირდა, მაგრამ ურთულესი იყო პირველი ეკიპაჟისთვის და მათთვის, ვინც უკვე იცოდა, რომ რუსებმა ფრენის ტრასა გამოთვალეს და საჰაერო თავდაცვის სისტემებიც შესაბამისად განალაგეს:
"მათ ზუსტად იცოდნენ, რომ დაღუპვის ალბათობა უბრალოდ უზარმაზარი იყო, მაგრამ მაინც გაფრინდნენ, რადგან ესმოდათ, რომ იქ ჩვენები იღუპებოდნენ".
ვერტმფრენების პირველი ეკიპაჟის მეთაურის ისტორიასთან დაკავშირებით, ბილეცკი ამბობს:
"შესაძლოა, ომის შემდეგ ან თუნდაც ომის დროს, ამის ეკრანიზაცია გაკეთდეს. ეს ფილმის ისტორიაა, მაგრამ ამ ადამიანმა თავად უნდა თქვას ყველაფერი. ეს უნდა მოყვეს ოფიცერმა, პილოტმა და მას ნამდვილად ბევრი რამ აქვს მოსაყოლი“.