მედია – რუსეთში შესაძლოა, სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისთვის ზედა ასაკობრივი ზღვარი გაუქმდეს
20/05/2022 12:21:05 მსოფლიო
რუსეთში შესაძლოა, სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისთვის ზედა ასაკობრივი ზღვარი გაუქმდეს, – იუწყება „Meduza“.
მოქმედი კანონმდებლობით, პირველი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისთვის საჭიროა, რომ დაინტერესებული პირი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, 18-დან 40 წლამდე იყოს, უცხოელების შემთხვევაში კი ეს ასაკი 18-დან 30-მდე მერყეობს.
ახალი კანონის თანახმად, მსგავსი დათქმა გაუქმდება და იგი საპენსიო ასაკს გაუტოლდება. რუსეთის შემთხვევაში, მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკად 65 წელია დადგენილი.
ინიციატივა „ედინაია რასიას“ დეპუტატებს ანდრეი კარტაპოლოვსა და ანდრე კრასოვს ეკუთვნის. ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სამხედრო გამოცდილება 40-45 წლის ასაკში გროვდება, ამიტომ ამ ასაკის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ ჯარში იმსახურონ.
ცნობისთვის: უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შედეგად 28 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.


