პენტაგონის წარმომადგენელი – რუსეთმა ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა
20/05/2022 11:01:11 მსოფლიო
რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა და თავდასხმას მცირე რაზმებით აწარმოებს, – იუწყება The Washington Post პენტაგონის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, რუსი მეთაურები, როგორც წესი, ბრძოლის ველზე მანევრირების მიზნით, იყენებდნენ ბატალიონის ტაქტიკურ ჯარს, რომლებიც რამდენიმე ასეული ჯარისკაცისგან შედგება. მაგრამ, როგორც აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, დონბასის რეგიონში მდგრადმა ბრძოლებმა და რუსეთის შეტევების შეფერხებამ განაპირობა ის, რომ ახლა ოპერაციებს რამდენიმე ათეულიდან 100-მდე ჯარისკაცით შემდგარი რაზმები აწარმოებს.
გარდა ამისა, ამ მცირე ერთეულებმა ასევე შეამცირეს თავიანთი მიზნები და ფოკუსირება გააკეთეს გარკვეულ ქალაქებზე, სოფლებზე, გზაჯვარედინებზე. რუსეთის სხვა ტაქტიკა, მაგალითად, როგორიცაა საარტილერიო დაბომბვა, რასაც მოჰყვება სახმელეთო ჯარის თავდასხმები, არ შეცვლილა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


