"დარწმუნებული ვარ, ნატო-ს წევრები სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მისაღებად"
19/05/2022 17:10:40 მსოფლიო
დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს წევრები სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მისაღებად, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დანიაში განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსი მჭიდრო კავშირშია ფინეთთან და შვედეთთან ისევე, როგორც თურქეთთან, რომელიც აღნიშნული ჩრდილო ევროპული ქვეყნების გაწევრიანების დაბლოკვით იმუქრება.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო ფინეთისა და შვედეთის წევრობაზე ოფიციალური ანკარის წუხილის აღმოფხვრას ცდილობს.
ცნობისთვის: 18 მაისს ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადები წარადგინეს.
ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კრემლში ფინეთ–შვედეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.
აღსანიშნავია, რომ NATO–ს გაფართოებას ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. თურქეთი ამ დრომდე აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის NATO–ში გაწევრიანებას. მიზეზად ანკარა ხსენებული ქვეყნების მიერ "ტერორისტების მხარდაჭერას" ასახელებს.


