ბაიდენი "შვედეთი და ფინეთი ნატო–ს წევრობის ყველა კრიტერიუმს უკვე აკმაყოფილებენ"
19/05/2022 15:15:37 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს შვედეთისა და ფინეთის ნატო–ში გაწევრიანებას. ამის შესახებ მან შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონსა და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს ვაცხადებ, შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ორი დიდი დემოკრატიისა და ორი მაღალკვალიფიციური პარტნიორის მიმართ, რათა შეუერთდნენ ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსს მსოფლიოს ისტორიაში. შვედეთი და ფინეთი უკვე არიან ჩვენი უახლოესი პარტნიორების სიაში მთელ რიგ საკითხებში. ფინეთისა და შვედეთის ჯარები მსახურობდნენ აშშ-ისა და ნატო–ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში. ფინეთი და შვედეთი უკვე მუშაობენ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის მამაც ხალხს. ისინი უკვე აკმაყოფილებენ ნატო–ს წევრობის ყველა კრიტერიუმს", – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის: 18 მაისს ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადები წარადგინეს.
ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კრემლში ფინეთ–შვედეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.
აღსანიშნავია, რომ NATO–ს გაფართოებას ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. თურქეთი ამ დრომდე აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის NATO–ში გაწევრიანებას. მიზეზად ანკარა ხსენებული ქვეყნების მიერ "ტერორისტების მხარდაჭერას" ასახელებს.


