
"თურქეთის ბაზრის გახსნიდან დღემდე, საქართველოს მოქალაქეებმა, წამლებში, 43 მილიონი ლარი დაზოგეს"
19/05/2022 14:40:02 საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაყიდვების მაჩვენებელი შეისწავლა. შედეგად, გამოიკვეთა, რომ ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან დღემდე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 125 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 62 მილიონის ლარის ნაცვლად, დაახლოებით, 19 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებმა წამლებში 43 მილიონ ლარამდე დაზოგეს - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აღნიშნავს, რომ თურქული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, საგრძნობლად დაბალ ფასადაა ხელმისაწვდომი.
„საშუალოდ, როდესაც ძველი ფასებით მომხმარებელი, ფარმაცევტულ პროდუქტში თვეში იხდიდა 200 ლარს, დღევანდელი მონაცემებით, მას იგივე მედიკამენტების შეძენა დაახლოებით 60 ლარი უჯდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული რეფორმის შედეგად, ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს. ეს გამოიხატება წამლის ფასების 60-80%-მდე შემცირებაში. იმპორტირებული თურქული მედიკამენტების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და აღნიშნული შეღავათი უფრო მეტ მოქალაქეზე აისახება“ - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.