ბრიტანული დაზვერვა: პუტინმა უკრაინაში წარუმატებლობის გამო თანამდებობიდან რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო პირი გაათავისუფლა
19/05/2022 08:26:09 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში წარუმატებლობის გამო თანამდებობიდან რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო პირი გაათავისუფლა.
მისი ინფორმაციით, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც გვარდიის პირველ სატანკო არმიას მეთაურობდა, ხარკოვის ვერ აღების გამო დაითხოვეს სამსახურიდან, ხოლო ვიცე-ადმირალი იგორ ოსიპოვი, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მეთაურობდა, ასევე გადააყენეს თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც აპრილში კრეისერი „მოსკოვი“ ჩაიძირა.
ამასთან, ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი შესაძლოა, კვლავ თანამდებობაზე იყოს, მაგრამ მან სავარაუდოდ, დაკარგა პუტინის ნდობა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


