რუსეთის კურსკის ოლქიდან დაბომბვისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
19/05/2022 07:31:22 მსოფლიო
რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა სოფელ ტეტკინოში სპირდის სახდელ ქარხანაზე "მტრის თავდასხმის" შესახებ განაცხადა.
„ტიოტკინოზე მტრის მორიგი თავდასხმა, რომელიც განთიადისას მოხდა, სამწუხაროდ, ტრაგედიით დასრულდა: ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. წინასწარი მონაცემებით, ეს არის სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელმაც ქარხანაში ნედლეული შეიტანა.
მტერმა ამ ობიექტს რამდენიმე დარტყმა მიაყენა. არიან დაჭრილებიც. მათ პირველადი დახმარება უტარდებათ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია აუფეთქებელ ჭურვებზე“,– დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამ“–არხზე.
სტაროვოიტმა ოთხშაბათს საღამოსაც განაცხადა, რომ „მტერმა მესამედ დაბომბა სოფლები ალექსეევკა და ტეტკინო“.
მისივე ქმით, სასაზღვრო სოფელ ალექსეევკას ცეცხლი გაუხსნეს "მსხვილი კალიბრის იარაღიდან".
უკრაინიდან დაბომბვის შესახებ პერიოდულად იუწყებიან უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდანაც: 18 მაისს განაცხადეს, რომ დაბომბვის შემდეგ ნაღმტყორცნები იპოვეს; 17 მაისს ბელგოროდის რეგიონის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის საზღვართან სოფელ ბეზიმიანის დაბომბვის შესახებ; 15 მაისს რუსებმა განაცხადეს სოფელ სერედას დაბომბვის შესახებ.
მანამდე ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებში, თუმცა უკრაინა კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.


