მოსკოვი: "აზოვსტალიდან" ევაკუირებული 900-ზე მეტი სამხედრო წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს"
19/05/2022 07:17:16 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან "ჩაბარდნენ", წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც საგარეო უწყებაში ირწმუნებიან, ორი დღის განმავლობაში სულ 959 უკრაინელი ჯარისკაცი, მათ შორის 51 მძიმედ დაჭრილი "ჩაბარდათ".
მან დაადასტურა, რომ დაშავებულების ნაწილი მკურნალობენ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" მდებარე ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს.
უკრაინას არ განუცხადებია, კონკრეტულად რამდენმა სამხედრომ დატოვა "აზოვსტალი".
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


