“კვაზი-სსრკ-ის ფეტიში პუტინის რეჟიმს დაანგრევს – იმედია, მხოლოდ მას და არა რუსეთს”

19-05-2022 05:12:56 თვალსაზრისი

არაერთი დასავლელი პოლიტიკოსისგან გვსმენია, რომ 15-20 წლის წინანდელი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც ანგარიშგასაწევ ლიდერად მიიჩნევდნენ, ხელს ართმევდნენ, სიამოვნებით ხვდებოდნენ, რომელიც თავის დროზე ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გერმანულად საუბრობდა, დღეს აღარ არსებობს და ამჟამინდელი პუტინი სულ სხვა პიროვნებაა. ამ მოსაზრებას იზიარებს რუსეთის ექს-პრემიერი (2000-2004 წ.წ.) მიხეილ კასიანოვიც.

“ნამდვილად ასეა: 2000-იანების დროინდელი და დღევანდელი პუტინი – ეს ორი სხვადასხვა პიროვნებაა. იმხანად მე მასთან ოთხი წლის განმავლობაში მომიწია მუშაობა და მკაფიო წარმოდგენა მაქვს იმაზე, როგორი იყო პუტინი 2000-იანებში. ბოლო წლებში კი ვხედავ სულ სხვა პიროვნებას – აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანს, რომლის მდგომარეობა, პირდაპირ გეტყვით, მაშინებს. ეს არის სსრკ-ის აღდგენის იდეა-ფიქსით შეპყრობილი მმართველი, რომელიც როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში სწორედ საბჭოთა სისტემის ელემენტების დაბრუნებას ცდილობს, საზოგადოების ტოტალური კონტროლის ჩათვლით” – აცხადებს ექს-პრემიერი.

როგორც კასიანოვი აღნიშნავს, პირველი ხილული ნიშნები იმისა, რომ პუტინი იცვლებოდა, ჯერ კიდევ მათი თანამშრომლობის ბოლო პერიოდში, კერძოდ 2004 წელს გაჩნდა და სხვა საკითხებთან ერთად, “გაზპრომს”, ბელორუსსა და უკრაინას უკავშირდებოდა:

“ჩვენს შორის გაჩნდა უთანხმოებები, რომელმაც რამდენჯერმე საჯარო ფორმაც მიიღო – ჩვენს წაკამათებას მინისტრთა კაბინეტის წევრებიც შეესწრნენ. საქმე ეხებოდა, მაგალითად, ე.წ. გაზის რეფორმას: პუტინმა, რომელიც მანამდე ჩემი გუნდის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს თითქოსდა მხარს უჭერდა, მოულოდნელად უარი განაცხადა “გაზპრომის” გაყოფაზე მომპოვებელ და სატრანსპორტო შემადგენელ ნაწილებად. მაშინ გამოაშკარავდა მისი კატეგორიული არსურვილი, მეწარმოებინა მოლაპარაკებები უკრაინასთან, როგორც თანასწორ პარტნიორთან. პუტინი უკვე მაშინ თვლიდა უკრაინას “არშემდგარ სახელმწიფოდ”.

როგორც კასიანოვი აღნიშნავს, იმხანად მას არ მესმოდა, რა დატვირთვა ჰქონდა პუტინისთვის უკრაინის საკითხს, დღეს კი იგი ამ კითხვაზე მკაფიო პასუხს მთელს მსოფლიოსთან ერთად ადევნებს თვალს:

“ვხედავთ, რომ პუტინის მსოფლმხედველობა მეტისმეტადაა გაუკუღმართებული, რომ მისთვის პოსტსაბჭოთა ქვეყნები – ეს “რაღაც შეუმდგარი წარმონაქმნებია, რომლებიც მოსკოვის გავლენის ორბიტას უნდა დაუბრუნდნენ”. აი, ასეთი “დამბრუნებლისა” თუ “შემგროვებლის” დიადი მისია გამოუგონა პუტინმა საკუთარ თავს და ახლა ამ მიზნის მიღწევას ცდილობს, თუმცა რამდენად “დიდი წარმატებით” – ყველა ვხედავთ. იგივე ყირიმის ანექსია, ყირიმი, როგორც ასეთი, პუტინისთვის ერთგვარ ფეტიშად იქცა და მიმდინარე ომის წამოწყების მიზანი უდავოდ, იმაში მდგომარეობდა, რომ ეიძულებინა უკრაინა, ხოლო შემდეგ მსოფლიოც, ყირიმი რუსეთის კუთვნილებად ეღიარებინათ – ანუ მიეღწია იმისთვის, რაც 8 წელი არ მომხდარა და ახლა უკვე ცხადია, რომ აღარასოდეს მოხდება. სწორედ ამ ფეტიშს შეეწირება პუტინის რეჟიმი – იმედია, მხოლოდ ის და არა მთელი რუსეთი”.

რუსული საზოგადოების ნაწილის მიერ პუტინის საომარი კამპანიის დღემდე მხარდაჭერას ექს-პრემიერი მრავალწლიანი, წლიდან წლამდე მზარდი სადეზინფორმაციო პროპაგანდით ხსნის, ხოლო მეორე ნაწილის დუმილს – შიშით. რაც შეეხება ბიზნეს-ელიტებს, როგორც კასიანოვი აღნიშნავს, მათი ის ნაწილი, რომელმაც უცხოეთში გაასწრო, არ დუმს, ხოლო ისინი, ვისი აქტივებიც ჯერ კიდევ რუსეთში რჩება, მათი დაკარგვის შიშით ჯერ-ჯერობით ხმას ვერ იღებენ, “თორემ მსხვილი ბიზნესმენების მიერ ამ საომარი კამპანიისა და ზოგადად პუტინის რეჟიმის პოლიტიკის გულწრფელი მხარდაჭერის შესახებ არავისგან სმენია”.

კასიანოვი, რომელიც ფინანსთა მინისტრიც იყო და პრემიერიც, დარწმუნებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო მოსკოვის მიმართ შემოღებულ დასავლურ სანქციებს საბოლოო ჯამში, დამანგრეველი ეფექტი ექნება – და არა მარტო ეკონომიკური, არამედ, როგორც შედეგი, შიდა სტაბილურობის რღვევის კუთხითაც:

“უპირველესად, რასაც ვაკვირდები, პუტინი ამ მასშტაბის სანქციებს ნამდვილად არ ელოდა. რა თქმა უნდა, დასავლურ სანქციებს გამანადგურებელი ეფექტი ექნება. ამ დროისთვის ეს უმთავრესად საფინანსო სისტემას ეხება, თუმცა რუსულ ეკონომიკაში პრობლემები უკვე მძლავრდება: სამრეწველო კავშირების წყვეტა და რუსული ბაზრიდან თითქმის ყველა მსხვილი უცხოური კომპანიის გასვლა – ეს უდიდესი დარტყმაა წარმოებისთვისაც და მთლიანობაში ეკონომიკისთვისაც, უმუშევრობის მნიშვნელოვანი ზრდის ჩთვლით. უკვე დღეს ვხედავთ რუბლის ხელოვნურ კურსს – არავითარი ვაჭრობები აღარ იმართება, ვხედავთ მხოლოდ საფინანსო სისტემის იმიტაციას, კურსის იმ ნიშნულზე შენარჩუნებას, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის შესასრულებლად სჭირდება. ეს სრული იზოლაციის ერთ-ერთი იმ შედეგთაგანია, რომელიც უკვე დღეს გვაქვს სახეზე. ხოლო თუ დასავლეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს შემოიღებს, ეს რუსეთის ეკონომიკას საბოლოოდ მოუთხრის ძირს: ქვეყანა ხომ სადღეისოდ დაახლოებით 1 მლრდ დოლარს იღებს ნავთობისა და გაზის გაყიდვაში – და აქ ბევრად მეტი წილი სწორედ ნავთობზე მოდის. ამდენად, თუ ემბარგო დაწესდება, ეს რუსეთის მთავრობას უმოკლეს ვადებში გამოაცლის ხელიდან შესაძლებლობებს, მეტ-ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკა შეინარჩუნოს. მით უფრო, რომ წელს 20-22%-იანი ინფლაცია და მოსახლეობის შემოსავლების კიდევ 8%-ით შემცირებაა ნავარაუდები. ეს შემოსავლები ხომ ისედაც მიყოლებით მე-8 წელია, მცირდება, ჯამში უკვე შემცირებულია 25%-ით და ახლა კიდევ 8%-ით შემცირება რა მდგომარობაში ჩააგდებს ხალხს – ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს. სოფლად მცხოვრები დაბალშემოსავლიანი, უმთავრესად საკუთარ ბაღ-ბოსტნებზე დამოკიდებული ფენა ამას ალბათ, შედარებით ნაკლებად იგრძნობს, აი ქალაქში მცხოვრები საშუალო ფენა კი ძალიან მძიმე დარტყმას მიიღებს – მას მთლიანად მოუწევს ცხოვრების ნირის კარდინალურად შეცვლა”.

ამ ფონზე რუსეთის მოსახლეობაში მზარდი დისკომფორტის გათვალისწინებით, სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად დიდხანს შეძლებს ამ ვითარებაში პუტინის რეჟიმი ქვეყანაში შიდა სტაბილურობის შენარჩუნებას? კასიანოვი ამ კუთხით სერიოზული პრობლემების დაწყებას სექტემბრიდან ელის:

“სადღეისოდ მინისტრთა კაბინეტი ერთგვარ მოლოდინის რეჟიმშია: ძვრა არ აქვს არც ერთი, არც მეორე მიმართულებით. პირველი მიმართულება ომამდელ მდგომარეობაში დაბრუნებაა – რაც ცხადია, შეუძლებელია, სანამ ქვეყანას პუტინი მართავს. მეორე მიმართულება კი შემდგომი ნაბიჯებია რუსეთის კვაზი-საბჭოთა კავშირად გადასაქცევად. ამ მიმართულებით უკვე შეინიშნებოდა გარკვეული მზადება, შემოგდებული იყო “გოსპლანის” ჩამოყალიბებისა და სხვა მსგავსი იდეები, მაგრამ რეალური გადაწყვეტილებები ამას ჯერ არ მოჰყოლია. მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯები კიდევ უფრო მეტ იზოლირებაზე იყო მიმართული. საზოგადოებისა და მსხვილი ბიზნესის (ფულადი ნაკადების ჩათვლით) ტოტალური კონტროლი ამ მიზნით უკვე მოქმედებს, შემდეგი ნაბიჯი კი იდეაში, “გოსპლანის” შემოღება უნდა იყოს. თუმცა ჯერ-ჯერობით ეს არ განხორციელებულა – ყველა რაღაცას ელის, ეგებ პრობლემები თავისით “გაიწოვოსო”. თუმცა ცხადია, თავისით აღარაფერი “გაიწოვება” და ხალხი ამას სულ უფრო მეტად იგრძნობს. ვფიქრობ, სამომავლო პერსპექტივა უფრო ცხადად საშემოდგომოდ გამოიკვეთება: როცა საზაფხულოდ აგარაკებზე გასული ხალხი ქალაქებში დაბრუნდება და მაღაზიებში უკვე სულ სხვა – ხარისხობრივად განსხვავებული ფასები დახვდება, ეს, ბუნებრივია, შოკს გამოიწვევს, ამ შოკის შემდგომი სტადია კი იქნება მკაფიო პასუხების მოთხოვნა კითხვებზე, რომლებსაც სადღეისოდ კრემლის პროპაგანდა “მტრების ალყაში ყოფნის” ცრუ ლოზუნგებით სცემს პასუხს. დღეს ეს სადეზინფორმაციო პროპაგანდა ჯერ კიდევ ჭრის, მაგრამ იმ დროისთვის უკვე აღარ იმუშავებს - და ხალხს რეალურ კითხვებზე რეალური პასუხები დასჭირდება, რაც ადამიანებს პუტინისა და მისი რეჟიმის მიმართ დამოკიდებულების გადახედვას აიძულებს”.

ამავდროულად, კასიანოვის ხედვით, განგრძობადი ომისა და სანქციების ფონზე პუტინის რუსეთის პოტენციალი ყოველდღიურად შემცირდება, უკრაინისა კი, დასავლეთის დახმარებით – პირიქით.

“ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში კიევს მოსკოვთან შედარებით, აშკარა უპირატესობა ექნება როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, პუტინი კი მისი გაუკუღმართებული მსოფლმხედველობით, ფეტიშებითა და მახინჯი სისტემით დამარცხებულის როლში მოგვევლინება ჩვენც და რაც მთავარია, მის გარემოცვასაც – და დაიწყება ცვლილებები, უპირველესად – სწორედ პუტინის გარემოცვასა და ჯარში: ბევრი სამხედრო ელიტაში დღესაც აღარ უჭერს მხარს ამ კამპანიას – რომ აღარაფერი ვთქვათ მოტყუებულთა მონათხრობით აღშფოთებულ კონტრაქტორებზე, რომლებიც ომში წასვლაზე უარს აცხადებენ. ასე, რომ ვფიქრობ, სიტუაცია საკმაოდ სწრაფად დაიწყებს შეცვლას – იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე შეგვეძლო, წარმოგვედგინა” – დასძენს ექს-პრემიერი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები