
კუკავას პარტია მედიკამენტების "იაფად" გაყიდვას იწყებს
25/09/2019 12:58:58 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება
პარტია „თავისუფალი საქართველო“ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტსა და შესასყიდ ფასად გაყიდვას იწყებს.
კახა კუკავამ დღეს თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა და განაცხადა, რომ პარტია მალე დაიწყებს მედიკამენტების შემოტანას თბილისსა და რეგიონებში და მოსახლეობას იმ ფასად მიყიდის, რაც თურქეთში ღირს, ვინაიდან მისი თქმით, წამლის ფასი საქართველოში ორჯერ და სამჯერ აღემატება იგივე მედიკამენტების ფასს თურქეთთან, რუსეთთან და სომხეთთან შედარებით, ამ პრობლემას კი, ქართულ ბაზარზე მონოპოლისტი კომპანიები ქმნიან.
ამასთან, კუკავას თქმით, ეს იმ ფონზე ხდება, როცა საქართველოში წამლის ხარისხი გაცილებით დაბალია.
„არანაირი რეგულირება ბოლო წლებში არ მოხდა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ არაორდინალური გადაწყვეტილება, დავიწყებთ ანტიმონოპოლიურ იმპორტს თურქეთიდან",- ამბობს კუკავა.
მისი თქმით, 30 სექტემბრიდან მედიკამენტები ჯერ თბილისში გაიყიდება, ორიოდ კვირაში კი რეგიონებში გავლენ.
"რადგან მთავრობამ შვიდი წელია, ვერ დაადგა თავი ამ პრობლემას, ჩვენ უზრუნველვყოფთ“ – დასძინა კუკავამ.