ომის დანაშაულში ბრალდებული რუსი ჯარისკაცი უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობას აღიარებს
18/05/2022 12:27:40 მსოფლიო
კიევში გამართულ სასამართლო პროცესზე ომის დანაშაულში ბრალდებულმა რუსმა ჯარისკაცმა უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა.
21 წლის ვადიმ შიშიმარინს უკრაინის სუმის რეგიონში 62 წლის უიარაღო მამაკაცის მკვლელობას ედავებიან.
სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა დაზარალებულის ოჯახიც.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


