საბურთალოსა და ისანში რამდენიმე ქუჩაზე ზონალური პარკირება ამოქმედდება
18/05/2022 08:47:17 საზოგადოება
საბურთალოზე, კოსტავას ქუჩის ნაწილზე, შარტავასა და სააკაძის დაღმართზე, ასევე ისნის რაიონში, მეტროს სადგურ „სამგორის“ მიმდებარედ და მეველის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პირველი ივნისიდან შესაბამის მისამართებზე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები იმისთვის, რომ მოსახლეობამ რეგისტრაცია შეუფერხებლად გაიაროს:
„საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ჟიული შარტავას, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების დიდ ნაწილზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური და ელექტრომობილებისთვის დასამუხტი ადგილები გამოიყოფა. რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მეველეს ქუჩაზე“.


