ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადები წარადგინეს
18/05/2022 06:47:59 მსოფლიო
ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადები წარადგინეს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ეს არის ძალიან კარგი დღე ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ კრიტიკულ მომენტში. მადლობა ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადების გადმოცემისთვის. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა. თქვენ ხართ ჩვენი ახლო პარტნიორები, თქვენი NATO-ში წევრობა გააძლიერებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. ახლა მოკავშირეები განსაზღვრავენ თქვენი გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებს. NATO-ს ყველა წევრის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველა საკითხზე იმისთვის, რომ დავდოთ სწრაფი შედეგი. ყველა მოკავშირე თანხმდება NATO-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ და ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ისტორიული მომენტია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კრემლში ფინეთ–შვედეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.
აღსანიშნავია, რომ NATO–ს გაფართოებას ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. თურქეთი ამ დრომდე აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის NATO–ში გაწევრიანებას. მიზეზად ანკარა ხსენებული ქვეყნების მიერ "ტერორისტების მხარდაჭერას" ასახელებს.


