Accentnews.ge
მედია – "აზოვსტალიდან" ევაკურიებული მებრძოლების ნაწილი ოლენივკაში, საპატიმროში მიიყვანეს

მედია – "აზოვსტალიდან" ევაკურიებული მებრძოლების ნაწილი ოლენივკაში, საპატიმროში მიიყვანეს

18/05/2022 06:13:16 მსოფლიო

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე მეტალურგიული ქარხნის „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ შვიდი ავტობუსით გაყვანილი უკრაინელი მებრძოლები რუსეთის მიერ კონტროლირებულ სოფელ ოლენივკაში, საპატიმროში მიიყვანეს, – იუწყება Reuters.

მისი ცნობით, სულ რამდენი ჯარისკაცია გადაყვანილი ოლენივკაში ამ დროისთვის უცნობია.

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო 11 მაისს ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ დონეცკის ოლქის ოკუპირებულ სოფელ ოლენივკაში გახსნილია „საფილტრაციო ბანაკი“, სადაც გაუსაძლის პირობებში ჰყავთ უკრაინელი სამხედროების ნათესავები, სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები, აქტივისტები, ჟურნალისტები და სხვა, რუსეთისთვის „საეჭვო“ ადამიანები.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო ТАСС-ის ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინელი სამხედროების დაკითხვას აპირებს "უკრაინის რეჟიმის დანაშაულთა" გამოძიების ფარგლებში.

"აზოვსტალის" ტერიტორიიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია 16 მაისს, საღამოს დაიწყო. პირველ დღეს "აზოვსტალიდან" გაიყვანეს 260-ზე მეტი მეომარი, მათ შორის 50-ზე მეტი მძიმედ დაჭრილი. მარიუპოლის დამცველები გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკსა და სოფელ ოლენივკაში, რომლებიც რუსეთის მიერ "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აღიარებული, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზეა მოქცეული. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავის მებრძოლებს რუს ტყვეებში გაცვლის. ამას ეწინააღმდეგება რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, რომელიც 18 მაისს შესაბამისი დადგენილების მიღებას გეგმავს.

"აზოვსტალის" დამცველთა შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების, მესაზღვრეების, პოლიციელების და მოხალისეების გარდა, არიან პოლკ "აზოვის" მებრძოლები. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 17 მაისს, უზენაეს სასამართლოს მიმართა, "აზოვი" ტერიტორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

რუსული არმიის ალყაში მყოფ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ტერიტორია რჩებოდა ქალაქის ერთადერთ რაიონად, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა. რუსეთი უკრაინელი მებრძოლებისგან მოითხოვდა იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებოდნენ. სიტუაცია კრიტიკული გახდა "აზოვსტალის" დამცველთა რესურსების თითქმის ამოწურვის და დაჭრილთა უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო.

16 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა საბრძოლო ამოცანები და უმაღლესმა სარდლობამ „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებს უბრძანა, პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენა. იმავე დღეს, ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას თავისი გმირები ცოცხალი სჭირდება, ამიტომ, უკრაინელი სამხედროების, მზვერავების და საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით დაიწყო მარიუპოლის დამცველთა გადარჩენის ოპერაცია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მარიუპოლში ამ დრომდე უმძიმეს პირობებში რჩება 100 ათასზე მეტი ადამიანი. ომის დაწყებამდე ქალაქის მცხოვრებთა რიცხვი 400 ათასს აჭარბებდა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S