ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე–6 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
16/05/2022 18:17:33 მსოფლიო
უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
"უნგრეთი ამტკიცებს, რომ მისი დაბლოკვა არის ეკონომიკური და არა პოლიტიკური მიზეზების გამო", – განაცხადა ბორელმა.
როგორც მან აღნიშნა, საკითხზე დისკუსია კვლავ გაგრძელდება.
მისი თქმით, "ევროკავშირი მიუღებლად მიიჩნევს ბალკანეთის ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას".
ცნობისთვის: ევროკავშირი ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს შეთანხმებას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეხება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი აცხადებს, რომ ეს მისი "ქვეყნის ეკონომიკისთვის ატომური ბომბის სროლას ნიშნავს".
ევროკავშირის წინადადებაა, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ რუსულ ნავთობზე უარი თქვას 2022 წლის ბოლომდე, ხოლო რუსეთიდან იმპორტზე სხვებზე მეტად დამოკიდებულმა უნგრეთმა და სლოვაკეთმა 2024 წლის ბოლომდე და ჩეხეთმა 2024 წლის შუა პერიოდიდან.
უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ 2.5 წელი არასაკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანამ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს.


