Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რამდენი იქნება საპენსიო სესხის პროცენტი და რომელი ბანკი გასცემს პენსიას

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რამდენი იქნება საპენსიო სესხის პროცენტი და რომელი ბანკი გასცემს პენსიას

16/05/2022 11:41:15 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ საპენსიო სესხი რეფინანსირების განაკვეთს მიებმება და 15% იქნება.

მისი თქმით, ტენდერში "ლიბერთი ბანკმა" გაიმარჯვა და პენსიებს კვლავ ის გასცემს.

„დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო 7 წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებაზე ჯგუფმა იმუშავა, რომელშიც ჩართული იყვნენ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები.

ტენდერში გამარჯვებული ბანკი მომსახურებას 7 წლით ვადით - 2023 წლის პირველი იანვრიდან 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გასწევს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაასახელა როგორ მცირდებოდა საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი წლიდან წლამდე:

„2012-2013 წლებში იყო სესხები, რომლებიც 100%-დან 200%-მდე ეფექტური განაკვეთით გაიცემოდა;

2014 წელს სესხები გაიცემოდა 53%-იანი ეფექტური განაკვეთით, თუმცა გარკვეული სესხები - 80%-იანი ეფექტური განაკვეთის ფარგლებში;

2015 წელს საშუალოდ 50%-იანი ეფექტური განაკვეთით გაიცემოდა სესხები, რიგ შემთხვევებში 80%-ის ეფექტური განაკვეთით;

2016 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად იკლებს პორტფელზე საშუალო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; 2017 წლის ბოლოსთვის პორტფელზე საშუალოდ 49,6-დან 41,7%-მდე შემცირდა.

2018 წლის მაისიდან ბანკი იწყებს ისევ პროცენტის შემცირებას და 42 ეფექტურიდან 33 ეფექტურამდე მცირდება".

საქართველოში 800 ათასამდე პენსიონერია, მათ თითქმის ნახევარს საპენსიო სესხი აქვს აღებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S