
"ეს ჩვენთვის "მეორე სუნთქვის" გახსნაა" – "მთავარი არხის" გუნდი ნიკა გვარამიას დაჭერის შემდეგ
16/05/2022 07:41:11 საზოგადოება
„მთავარი არხის“ გენდირექტორის ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად სასამართლო დარბაზში იმყოფებოდნენ არხის ჟურნალისტები და ტელეწამყვანები.
როგორც მათ განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნეს, ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ არხს ფინანსური პრობლემები აქვს.
„ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“ – ნიკა გვარამიას მთავარი ქმნილება ბოლო წლებში, გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას - თქვა "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
"სამწუხაროდ მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება ჩვენი სასამართლოსგან. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა იქცა დაშინებული, ძალადობის ქვეშ მყოფი, არათავისუფალი ადამიანების აგლომერაციად, რომლებიც უბრალოდ გავჩნდით ერთ ტერიტორიაზე და მხოლოდ ამიტომ ვართ ერთად. არც ენა, არც მამული არც სარწმუნოება, სამწუხაროდ, აღარ არის ჩვენი ქვეყნის და ერის გამაერთიანებელი ნიშნები, იმიტომ, რომ ვხედავთ, ჩვენ არ გვაქვს არც მამული (დაფლეთილია ჩვენი ქვეყანა), არ გვაქვს ენა (წერა-კითხვაც კი აღარ ვიცით წესიერად, ან თუ ვიცით, ამას ვიყენებთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დასახლეჩად) და სარწმუნოებაც (სამწუხაროდ, მხოლოდ ფარსად იქცა განსაკუთრებით, ბოლო წლებში).ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად, ვიდრე აქამდე. იმიტომ, რომ ახლა კიდევ ერთი დამატებითი ძალიან დიდი მიზეზი გვაქვს იმისთვის რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე თავისუფლებისთვის, არა მარტო ნიკას თავისუფლებისთვის. ასე მოინდომა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ნიკა გვარამია გახადა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლოდ, არა ერთადერთად, სამწუხაროდ. ნიკა არ არის ერთადერთი, მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო თავისუფლების, რომელთან ერთადაც ჩვენ ამდენი წელი გავატარეთ სწორედ ამ ყველაზე ძვირფასი მონაპოვარისთვის ბრძოლისთვის, თავისუფლებას ვგულისხმობ. ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“ – ნიკა გვარამიას მთავარი ქმნილება ბოლო წლებში, გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას არა იმიტომ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ნიკა იქნება თუ არა ჩვენთან, არა, პირიქით, ნიკას დამსახურებაა, რომ არხი ისეა აწყობილ, რომ ყველას ჩვენ შეგვიძლია აწყობილი საათივით მუშაობა, ერთადერთი, რომლის პრობლემაც გვაქვს, ეს არის ფინანსური და ესეც მოდის ქვეყნის პრობლემიდან იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას აღარ აქვს აღარც ეკონომიკა და აღარც დოვლათი და ჩვენს მოხრჩობას წლებია, ცდილობენ ფინანსური პრობლემებით, მაგრამ ჩვენ ამასაც გადავლახავთ, ბრძოლა გრძელდება, რომ საქართველო იქცეს ისევ სახელმწიფოდ, როგორც ოდესღაც იყო",– განაცხადა გაბუნიამ.
არხის ტელეწამყვანმა ეკა კვესიტაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, გუნდი ერთიანობას ინარჩუნებს:
„მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილისგან ყველაფრის მოლოდინი გვაქვს, მით უმეტეს, ბოლოს ისინი როგორც იქცევიან, მოლოდინი, რომ ნიკა შესაძლოა, დაეკავებინათ, გაგვიმძაფრდა, ვერ დავმალავთ, რომ ეს გადაწყვეტილება მაინც შოკის მომგვრელია. რა საკვირველია, ახლა ყველანი გადააზრების პროცესში ვართ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს ჩვენთვის "მეორე სუნთქვის" გახსნაა. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან დაიღალა, ბოლო წლების განმავლობაში მუდმივი კრიზისი გვაქვს, მუდმივი ბრძლა, მაგრამ ამ კრიზისებში ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის ის, რომ გამოვიბრძნედეთ და „მთავარი არხიც“ სწორედ ამის სიმბოლოა – კრიზისებიდან შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი რამ. „მთავარი არხს“ (რომელსაც, არ დავმალავთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური პრობლემები ჰქონდა), ჩვენ გაერთიანებული გუნდი ვართ, რომელიც თავის დროზე ნიკა გვარამიამ გაგვაერთიანა და ბრძოლისუნარიანობა, ერთიანობა გვასწავლა, გვაქვს ვალდებულება, კიდევ უფრო ძლიერები, მობილიზებულები გავხდეთ და უფრო მტკიცედ ვიბრძოლოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რუსი ოლიგარქის ბოლო „გაფართხალებაა“.
ბრძოლის გაგრძელებაზე გაამახვილა ყურადღება "მთავარი არხის" ჟურნალისტმა პაატა იაკობაშვილმაც:
"დღეიდან ჩვენ კიდევ უფრო ერთიანები, მობილიზებულები და მიზანსწრაფულები ვიქნებით. დღევანდელი დღე არ იქნება ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" გამარჯვების დღე. დღევანდელი დღე იქნება მათი საბოლოოდ დასასრულის დასაწყისის დღე. თითოეულ ჩვენგან აქვს შეურყეველი რწმენა იმისა, რომ ჩვენ სწორი მიზნისკენ ვმოძრაობთ და თითოეული ჩვენგანი გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს ამ მიზნის მისაღწევად. არავის ეგონოს, რომ ეს ბრძოლა დამთავრდა – პირველ რიგში, ჩემს კოლეგებს ჩემთან, სამსახურში – "მთავარ არხზე" და ყველას, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში მინდა მოგმართოთ, არ ჩამოყაროთ ფარ-ხმალი, არ დაგეუფლოთ იმედგაცრუება, პირიქით, სრული მობილიზება, არ გავახაროთ მტერი, ჩვენი კი არა, ქვეყნის!", - თქვა პაატა იაკობაშვილმა.
მანდ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებს, მაყურებელს, პოლიტიკოსებს და სხვებს, მხარი დაუჭირონ "მთავარ არხს".
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. „მთავარი არხის“ გენდირექტორი სასამართლოს დარბაზში დააკავეს.