
გიგაური: „ეს ძალიან საშიში და ყველასთვის დამაფიქრებელი პრეცედენტია“
16/05/2022 06:49:28 საზოგადოება
„სერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს საშიშ პრეცედენტს უწოდებს.
„არ დგინდებოდა არაფერი,რაზეც პროკურატურა საუბრობდა. მაქსიმალური, რაც კი ამ საქმიდან შეიძლებოდა, გამოსულიყო, არის სამოქალაქო საქმე – ორ მხარეს ჰქონოდა ერთმანეთთან დავა. წარმოიდგინეთ, აღმასრულებელი დირექტორი რომ მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნება ეს პრემიის გაცემა თუ სხვა რამ და შემდეგ ამის გამო ედავებოდნენ მას. ეს აბსურდული რამ იყო და ვიტყოდი, რომ საშიში პრეცედენტიც: ამის შემდეგ ყველა აღმასრულებელ დირექტორს გაუჭირდება კონკრეტული ფინანსური გადაწყვეტილებები მიღება. ეს ძალიან საშიში და ყველასთვის დამაფიქრებელი პრეცედენტია“,– განაცხადა ეკა გიგაურმა.
გვარამიას საქმე „საერთაშორისო გამჭვირვალეობამ“ შეისწავლა და დაასკვნა, რომ არც ერთი წარდგენილი ბრალდება საქმის განხილვისას არ დგინდებოდა. ორგანიზაციამ მოსამართლეს პოზიცია სასამართლოს მეგობრის სტატუსით გაუგზავნა.
მოსამართლემ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მედიამენეჯერი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.