
ბესელიას მიერ გაჟღერებული ინფორმაციით პროკურატურა დაინტერესდა
25/09/2019 06:08:58 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, -ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება.
„ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს.
შესაბამისად, ამ ეტაპზე, საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, პარლამენტის წევრისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შესაძლო ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხორციელდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის. მისივე თქმით, შანტაჟის ქვეშ მყოფ პირთა შორის არიან მმართველი გუნდის წევრებიც.
უმრავლესობაში ინფორმაციას სისულელე უწოდეს, თუმცა თქვეს, რომ საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრებს დაშანტაჟებულის არაფერი ეტყობა.
"აქცენტი" ჯერ კიდევ გუშინ ცდილობდა, გაერკვია, დაინტერესდნენ თუ არა სკანდალური განცხადებით საგამოძიებო უწყებები. 24 სექტემბერს პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ საქმე "ამ მომენტისთვის ჩვენი ქვემდებარე არ არისო". რა მომენტისთვის შეიცვალა პოზიცია, უცნობია. თავად ბესელიას უკვე გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებით საჯაროდ აღარაფერი უთქვამს.