არესტოვიჩი: "კრემლი ომში კრახს განიცდის, რაც ნიშნავს, რომ ყირიმსა და დონბასს დავიბრუნებთ"
16/05/2022 06:07:34 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთმა პოპასნაიას და ხერსონის ასაღებად, ასევე ლუგანსკის ოლქის საზღვართან მისასვლელად ჯარის დაახლოებით მესამედი დაკარგა.
მისი თქმით, კრემლი ომში კრახს განიცდის, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა ყირიმსა და დონბასს დაიბრუნებს.
"მათ შეუძლიათ, აიღონ კიდევ ორი სოფელი, თუმცა ეს არაფერს შეცვლის, ჩვენ გავაძლიერებთ მათ კოლაფსს, როცა კონტრშეტევაზე გადავალთ. ჩვენ ყველაფერს დავაბრუნებთ სახლში უკან, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით", – აცხადებს არესტოვიჩი.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


