ოსტინმა უკრაინას აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასუტრა
16/05/2022 05:57:47 მსოფლიო
აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგა ოლექსი რეზნიკოვთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოსტინი რეზნიკოვს ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა და უკრაინის საჭიროებები განიხილა.
დეპარტამენტის ცნობით, ოსტინმა რეზნიკოვს განუცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მოუწოდა, "დაუყოვნებლივ შეწყდეს კონფლიქტი უკრაინაში".
"მდივანმა ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასუტრა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მცდელობების მიმართ, რათა გააძლიეროს უკრაინის შესაძლებლობები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ", - აცხადებენ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


