ხარკოვში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტები განდევნეს და სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ
16/05/2022 05:41:04 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონმა ხარკოვის ოლქში უკან დახია რუსი სამხედროები და რუსეთის საზღვრამდე მივიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყების ფეისბუქ–გვერდზეა განთავსებული.
ამასთან, უწყება აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც უკრაინელი სამხედროები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავენ.
"მივედით, ბატონო პრეზიდენტო, აქ ვართ! საზღვარზე ვართ!", - აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.
მანამდე, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინის ჯარები სახელმწიფო საზღვართან ახლოს იყვნენ.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


