"ხარკოვში უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსებს უკან ახევინებენ და მოქალაქეები საკუთარ სახლებში დაბრუნებას იწყებენ"
14/05/2022 09:26:33 მსოფლიო
ხარკოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსებს უკან ახევინებენ და მოქალაქეები საკუთარ სახლებში დაბრუნებას იწყებენ.
ამასთან, ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ საშიშია და დაბრუნებამდე ადამიანებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა გაითვალისწინონ. გუბერნატორის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ოლქი ბევრ ადგილას დანაღმეს.
„რუსები ქალაქს არ უტევენ, მაგრამ მათი სამიზნე ოლქის სხვადასხვა დასახლებებია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოდუნება ჯერ ადრეა”, - განაცხადა გუბერნატორმა.
„მოვუწოდებ ყველას, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ განგაშზე და ქუჩებში გამოსვლისგან თავი შეიკავონ,”- დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის დედაქალაქის დაკავება და ხელისუფლების შეცვლა, რის გამოც ომში თავდაპირველი სტრატეგია შეცვალა და ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში შეტევის ახალი ფაზა წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიების ოკუპაციას.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


