
ერდოღანი ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოვიდა
25/09/2019 05:08:42 სხვა, მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბირთვული ენერგია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ან - ყველასთვის აიკრძალოს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მისი თქმით, ბირთვული ენერგია მხოლოდ ზოგიერთ სახელმწიფოს აქვს, რაც მსოფლიოში უთანასწორობას იწვევს.
„ბირთვული იარაღის ფლობა ყველასთვის დასაშვები ან აკრძალული იყოს“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას სირიის საკითხსაც შეეხო და ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა, მსოფლიოში მშვიდობა დაიცვან.
თურქეთმა ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ ყოვლისმომცველ შეთანხმებას ხელი 1996 წელს მოაწერა.
გაეროს 74-ე ასამბლეა 17 სექტემბერს გაიხსნა. მაღალი დონის შეხვედრები კი დღეს, 24 სექტემბერს დაიწყო. გაეროს 74-ე ასამბლეაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 25 სექტემბერს გამოვა. სესია 27 სექტემბერს დაიხურება.