უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები მსოფლიოს აზოველების გადარჩენას სთხოვენ
13/05/2022 13:05:10 მსოფლიო
უკრაინის 3 ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშჩენკო და პეტრო პოროშენკო, მსოფლიო ლიდერებს უკრაინელი ხალხისა და სამხედროების გადასარჩენად უკრაინის ხელისუფლების დახმარებისკენ მოუწოდებენ. პრეზიდენტებმა საერთო განცხადება დღეს გაავრცელეს.
მათი თქმით, "აზოვსტალში" რუსეთის სისასტიკე სამხედრო შინაარსს მოკლებულია და რუსეთი უკრაინაში პუტინის განკარგულებით მასიური მკვლელობების მოწყობას ცდილობს.
პრეზიდენტები აცხადებენ, რომ უკრაინას ცივილიზებული სამყაროს ლიდერების იმედი აქვს და მათ უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენაში დახმარებისკენ მოუწოდებენ.
უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. „აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად რუსულმა არმიამ ვერ შეძლო.
რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარიუპოლის აღების შემთხვევაში, მოსკოვს დონბასიდან ყირიმთან სახმელეთო დერეფანი ექნება.
რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


