ბრიტანეთმა ალინა კაბაევასა და პუტინის ყოფილ ცოლს სანქციები დაუწესა
13/05/2022 13:03:16 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა. კერძოდ, სიაშია ყოფილი ტანმოვარჯიშე ,ალინა კაბაევა. არსებობს ვარაუდი, რომ კაბაევა პუტინთან ახლო ურთიერთობაშია და მათ საერთო შვილებიც ჰყავთ.
სანქციები შეეხო პუტინის ყოფილ ცოლს ლუდმილა პუტინას, რომელსაც პუტინი ოფიციალურად 2014 წელს გაშორდა. სიაშია არიან კაბაევას ბებია, ანა ზაცეპოლინა, პუტინის სამი ნათესავი და მისი ქალიშვილის ნათესავებიც.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უშუალოდ პუტინის აქტივები მოკრძალებულია, ხოლო ცხოვრების მისი სტილი ფინანსდება მისი ოჯახის, მეგობრებისა და რუსული ელიტისგან, რომლებსაც სახელმწიფო თანამდებობებითა და სიმდიდრით აჯილდოებს.
რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


