"რუსებმა ე.წ. ფილტრაციის ცენტრებში რამდენიმე ათასი უკრაინელი გაგზავნეს"
13/05/2022 08:37:03 მსოფლიო
ეუთოში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ რუსებმა ე.წ. ფილტრაციის ცენტრებში რამდენიმე ათასი უკრაინელი გაგზავნეს, ათიათასობით ადამიანი კი რუსეთში გადაიყვანეს.
მისი თქმით, იძულებითი გადაადგილება და ძალადობა, რომელსაც უკრაინელები აწყდებიან „ფილტრაციის ცენტრებში“, ომის დანაშაულია.
„თვითმხილველთა მრავალრიცხოვანი ჩვენებები მიუთითებს, რომ „გაფილტვრა“ გულისხმობს ადამიანების ცემას და წამებას, რათა დადგინდეს, არიან თუ არა ისინი ოდნავ მაინც უკრაინის მოკავშირეები“, — განაცხადა კარპენტერმა.
მისი თქმით, ზოგიერთი უკრაინელი, რომელიც რუსეთში გადაიყვანეს, აცხადებს, რომ უფლება მისცეს რუსეთში მცხოვრებ მეგობრებთან და ოჯახთან დარჩენილიყო, მაგრამ ფულის ან საბუთების გარეშე დარჩენილ ადამიანებს მატარებლებში ათავსებენ და ასობით კილომეტრის მოშორებით ქალაქებში აგზავნიან.
რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


