CNN: "რუსები ოკუპირებული მელიტოპოლის საჰაერო ბაზას კვლავ იყენებენ"
13/05/2022 06:54:21 მსოფლიო
CNN სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი სამხედროები აგრძელებენ უკრაინის საჰაერო ბაზის გამოყენებას ოკუპირებული მელიტოპოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
12 მაისს, ადგილობრივი დროით 15:58 საათზე გადაღებულ სატელიტურ ფოტოზე ჩანს, რომ საჰაერო ბაზაზე, სულ მცირე, 7 ვერტმფრენია. ხოლო, 7 მაისის დილის 6:02 საათის ფოტოზე ადგილზე მხოლოდ ერთი ვერტმფრენია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსების მიერ საჰაერო ბაზის გამოყენება მნიშვნელოვანია, "მისი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით ოკუპირებულ ქალაქ ხერონს, მარიუპოლსა და დონბასის რეგიონის ნაწილებს შორის".
რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


