ოსტინმა და რეზნიკოვმა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს
13/05/2022 06:47:02 მსოფლიო
აშშ-iსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა ლოიდ ოსტინმა და ალექსეი რეზნიკოვმა სატელეფონო საუბრის დროს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.
„დღეს კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, ალექსეი რეზნიკოვთან. განვიხილეთ სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოების მცდელობები უსაფრთხოების სფეროში დახმარება გაუწიონ უკრაინელებს იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ საჭირო შესაძლებლობები რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაგრძელებლად" , - წერს ოსტინი სოციალურ ქსელში.
რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


