ВСУ – "ხერსონის ოლქში რუსეთის საბრძოლო მასალის საცავი გავანადგურეთ"
13/05/2022 06:31:52 მსოფლიო
უკრაინა ხერსონის ოლქში რუსეთის საბრძოლო მასალის საცავის განადგურების თაობაზე იუწყება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) ცნობით, სოფელ ბოლშაია ალექსანდროვკაში რუსეთის საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.
მისი ინფორმაციით, რაკეტა, რომელმაც „სმერჩის“ ჭურვების მარაგი გაანადგურა, საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.
რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


