მედია– აშშ-ის სენატორმა უკრაინისადმი 40მლრდ დოლარის ოდენობის დახმარების გადაცემა დაბლოკა
13/05/2022 06:23:15 მსოფლიო
აშშ–ის სენატორმა კენტუკის შტატიდან რენდ პოლმა უკრაინისადმი 40მლრდ დოლარის ოდენობის დაფინანსების გადაცემა დაბლოკა, – იუწყება ამერიკული მედია. იგი კანონპროექტში ცვლილებების შეტანას მოითხოვს.
პოლის განცხადებით, კანონპროექტი უნდა მოიცავდეს სპეციალური ინსპექტორის პოზიციას, ვინც უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსების დახარჯვას დააკვირდება.
მედიის ცნობით, რესპუბლიკელები და დემოკრატები ინსპექტორის პოზიციის არსებობას დიდწილად ემხრობიან, თუმცა კანონპროექტში ცვლილებების შეტანა ამ ეტაპზე დროში გაიწელება და უკრაინისთვის საჭირო დახმარების მიწოდებას გააჭიანურებს.
სენატში "დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ჩაკ შუმერმა და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა მიჩ მაქკონელმა სენატს შესთავაზეს, რომ რესპუბლიკელი სენატორის შესწორებაზე ხმის მიცემა დაინიშნოს. თუმცა მედიის ცნობით, პოლი ამ ნაწილის უშუალოდ კანონპროექტში დამატებას ითხოვს.
შუმერი აცხადებს, რომ კანონპროექტის დამტკიცება ახლოსაა, ამას მხოლოდ პოლის ბოლო წუთს მიღებული ცვლილებები უშლის ხელს, რასაც მისი თქმით, სენატორთა უმრავლესობა არ უჭერს მხარს:
„პაკეტი მზადაა. ორივე მხრიდან სენატორების უდიდესი უმრავლესობას მისი მიღება სურს. ახლა მხოლოდ ერთი საკითხია რაც გვაფერხებს. ახალგაზრდა სენატორი კენტუკიდან უკრაინის დასახმარებელი სწრაფი პაკეტის მიღებას აფერხებს, რადგან სურს, რომ ბოლო წუთას საკუთარი ცვლილებები პირდაპირ კანონპროექტში შეიტანოს“.
შუმერის განცხადებით, რამდენიმე პროცედურული ნაბიჯი იქნება საჭირო, რათა პოლის პოზიცია დაიძლიოს. მისი თქმით, ამას რამდენიმე დღე დასჭირდება. უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვა შემდეგ კვირაში განახლდება.


